ბათუმი ზღვის დონიდან 5 მეტრზე მდებარე პატარა და მშვენიერი ქალაქია, რომლის ულამაზესი გარემო, იქნება ეს სანაპირო, სიმწვანეში ჩაფლული ბულვარი, მაღალი დონის სასტუმროები თუ კაფეები, არავის დატოვებს გულგრილს.

მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, ქალაქს დიდი ისტორია და უამრავი საინტერესო ლოკაცია აქვს, რომლებსაც ჩვენ გაგაცნობთ და რომელთა მონახულებასაც აუცილებლად გირჩევთ.


1. ბათუმის ულამაზესი სანაპირო და ბულვარი

საოცარი დუეტი, რომელიც ადამიანების გულებში ღრმად შედის და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. რთულია არ მოგეწონოს მზის სხივებით განათებული ლამაზი ზღვა და პლაჟი, სადაც ყველაფერთან ერთად, ულამაზეს ნიჟარებსაც აღმოაჩენთ და შემდგომში, მათ დანახვაზე ყოველთვის ეს პატარა, გამორჩეული ქალაქი გაგახსენდებათ.


2. ბათუმის დელფინარიუმი

დელფინარიუმი 1975 წლის შემდეგ მეორედ, 2011 წელს გაიხსნა და სტუმართა გულის მონადირებასა და დაპყრობას ჯერ კიდევ არ წყვეტს! გაატარეთ თქვენი დრო სასიამოვნოდ, დაესწარით დელფინთა შოუს, რომელიც 30 წუთის განმავლობაში გრძელდება, ან გააკეთეთ უფრო მეტი და იცურავეთ დელფინებთან ერთად. ნუ გამოტოვებთ ამ ზღაპრულ არსებათა ნახვის შანსს, მათ ხომ ყველა ქალაქსა და ქვეყანაში ვერ ვხვდებით?!


3. ძველი ბათუმი

ძველი ბათუმი, თავისი არქიტექტურის სიდიადითა და მშვენიერებით, ლამაზი, დახვეწილი ადგილებით თქვენი გაოცებისა და აღფრთოვანების გარანტია. თანაც, სწორედ აქ მდებარეობს ის სახელგანთქმული პიაცა, სადაც ლამაზ გარემოსთან ერთად, მაღალი დონის კაფეებსა და პაბებს აღმოაჩენთ.


4. საბაგირო გზა არგო

საბაგირო გზა არგო ბათუმში 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დაკომპლექტებულია 20 გონდოლით, რომელთაგან თითოეულში 8 ადგილია.

გამოიყენეთ თქვენი შანსი, გაისეირნეთ 2586 მეტრი საბაგირო გზა არგოთი, თვალი გადაავლეთ ბათუმის ცხოვრების რიტმს ზღვის დონიდან 250 მეტრზე, დატკბით თვალწარმტაცი ხედებით,დააფიქსირეთ ულამაზესი მომენტები, გაატარეთ დაუვიწყარი დრო, მოინახულეთ არგოს კომპლექსში მოთავსებული სხვადასხვა სავაჭრო ერთეულები, შემდგომ კი, რესტორან არგოს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი გიმასპინძლებთ.


დაგეგმეთ თქვენი დრო საუკეთესოდ ბათუმში და შეიგრძენით სიყვარული, სიყვარულის ქალაქში.