ბათუმის პირველი საბაგირო გზის პროექტირებას საფუძველი ჩაეყარა შპს "არგო ანურია"-ს მიერ 2008 წელს.

ანურიას მთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრ სიმაღლეზე, 2010 წელს დაიწყო და 2013 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა კულტურულ-გასართობი კომპლექსი "არგო"-ს მშენებლობა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საბაგირო გზას და გასართობ ცენტრს.

საბაგირო გზის სიგრძე 2 586 მეტრს, ხოლო სიმაღლე 256 მეტრს შეადგენს. მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 20 გონდოლა. ერთი მიმართულებით გზის დაფარვას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, ხოლო სრული დატვირთვის შემთხვევაში საათში დაახლოებით 500 ადამიანის მომსახურება არის შესაძლებელი.

საბაგირო გზის სისტემა დაპროექტებულია და დამზადებულია ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია "დოპპელმაიერი"-ს მიერ. როგორც ხარისხის, ტექნოლოგიებისა და ბაზრის ლიდერი საბაგირო ინჟინერიის დარგში, "დოპპელმაიერი" აწარმოებს, ყიდის და მომსახურებას ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული კომპანიის მიერ განხორციელდა 14 800 ინსტალაცია 90 ქვეყანაში. სწორედ "დოპპელმაიერი"-ს მეთვალყურეობის ქვეშ ხდება ბათუმის საბაგირო გზის ექსპლუატაცია.

გასართობი კომპლექსი "არგო" გვთვაზობს ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს. კონცეფციას ისტორიული დატვირთვა აქვს და გაჯერებულია არგოს სანაოსნო სიმბოლოებით. გასართობი ცენტრისა და საბაგირო გზის სადგურების არქიტექტურული მხარე დამუშავებულია არქიტექტურის, დაგეგმვის და დიზაინის დარგში ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტურული კომპანია "RTKL"-ის მიერ. კომპანიის ისტორია სათავეს 1946 წლიდან იღებს და დღემდე მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი შენობის დიზაინი აქვს განხორციელებული.

ბათუმის საბაგირო გზის და გასართობი ცენტრის პროექტირება-მშენებლობა განხორციელდა უცხოური და ადგილობრივი კომპანიების მიერ. უნიკალური დიზაინი, უსაფრთხოების მაღალი დონე და ულამაზესი პანორამული ხედები ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს.

ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის გასართობ-კულტურული ცენტრი "არგო" "აუცილებლად სანახავ" ღირსშესანიშნაობად ითვლება. ეს არის ურბანული საბაგირო გზა, რომელიც ქალაქს და მთას აკავშირებს ერთმანეთთან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველი სანახაობა ხდება ტურისტებისთვის. დღეის მდგომარეობით, ჯამში დასაქმებულია 80 ადამიანი, პროექტის განვითარებასთან ერთად კი ეს რიცხვიც საგრძნობლად გაიზრდება.